ლევან გოთუა

ლევან გოთუა – “გმირთა ვარამი”

erekle astakhishvili036

ლევან გოთუა “გმირთა ვარამს” გადასახლების დროს ვორკუტაში წერდა და სამშობლოში ფარულად ნაწილ-ნაწილ აგზავნიდა.ამ რომანს ლევან გოთუას შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია,ტეტრალოგიაში “გმირთა ვარამი” ასახულია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი,XVI-XVII საუკუნეები,როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა.საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა გარეშე მტრები,შინააშლილობა,თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი,რომელიც ლევან გოთუამ შესანიშნავად აღწერა.

“წიგნი კეთილი მღვდელივით უნდა იყოს.თუ მრევლი არ მოუვიდა,თავად უნდა მივიდეს მრევლთან.”

“არა,ადამიანი არც წისქვილის ქვაა – რომ მოცვდეს,გადმოაბრუნო,მოჰკოდო და ისევ ღერღოს! არა,ადამიანმა დარდი თავად უნდა გადაღერღოს,მოინელოს!”

“კაცის გული ფუჭი ხორცის ნაჭერია,თუ შიგ დარდი ან სიხარული არ ბუდობს.უდარდელი ოფოფი არ არის ქვეყანაზე! მაგრამ დარდი სათნო ჯვარივით უნდა ატარო და არა ლუდის კოვზივით მოიკიდო.კი არ უნდა გაბოროტდე –  უფრო გულშემატკივარი უნდა გახდე.”

“ვითმინოთ ვიდრე სათმენია! შევიგნოთ – შესაგნებელი,ვამხილოთ – სამხილებელი! დავგმოთ ორპირმაყარნი,მენახევრენი! ასეთნი დიდ,საჭირბოროტო საქმეს ვერც ერთ დროში ვერ უთავებენ… ან სულ ცუდი უნდა იყოს ძალის მპყრობელი,ან სულ კარგი! მაშინ დაიძვრება საქმე… ან ავსა ან კეთილ გზაზე… ხმელ-ნედლი ჯირკვი კი არც საცეცხლოდ ვარგა და არც სანერგედ!”

“ადამიანის გულს,ვინ მოსთვლის,რამდენი შეცდომა სჭირდება,ერთხელ რომ დიდი სიმართლე გამოიღოს!”

“წლები კი ვიდოდნენ საკანშიაც და საკნის გარეთაც.გარეთ უფრო მეტი იყო შფოთი და ვნებათა ღელვა,ვიდრე დაშოშმინებულ საკანში… და ზოსიმეც საკნის გარეთა მოვლენებით გულშემოყრილი ხშირად აქ – ტანჯვის სავანეში ეძიებდა გულის მყუდროებას – სადაც ტანჯვაა,იქ უფრო მეტია სითბო! დრო კი ვიდოდა…”

“ეს დედაკაცები ჩვენ სულ უგულოებად და უგუნურებად გვთვლიან! დავუშლით… არ გავუშვებთ,ალბათ ასე ჰგონიათ?! იქნებ არც არიან გასაშვები?! მაგრამ… ერთში კი ვგონებ მართალნი არიან ისინი… მიხვედრილობა ძლიერ გვკლებია მამაკაცებს!”

“ომი ვაჟკაცობაა.სისხლის ღვრა მამაკაცთა ხანდახან უგუნურად ამაყი წესია,ხოლო ქალთათვის მათი დატირებაა გულითა და ბუნებით ნაკარნახევი.”

“ზნემაღალი შეგირდი ცხრაჯერ სჯობია უზნეო მეფეს!”

“კაცი რომ სამოც წელს გადააბიჯებს,მერმე სულ სხვა სიბრძნის თვალით გახედავს სამყაროს… და თუ ქვეყნის ჭირ-ვარამი აცლის,სულის სიმშვიდე შორეულ დედასავით მოენატრება.”

“სასახლის ცხოვრება სულ სხვა ფხაზე და ძირზე იყო ნაგები.აქ უფრო ან წარსული იყო ან მომავალი,მუდამ დამძიმებული,ფარული ღრუბლებით დაყურსული ჰაერი.ჩრდილგაკრული მაღალჭერი და იატაკი.პირმოთნეობა და ჩასაფრულობა.ურთიერთშურით დაკარგული უბრალოება.კოშკის წიბოებივით ჩახავსულ-ჩაქვავებული გარიგებანი.”

“ქალისთვის სილამაზე ბედნიერი,მაგრამ სახიფათო სამკაულია.”

“ნაბადი სიგრძითა და ქალი ახალგაზრდობითა აბა ვის დაუწუნებია?!”

“მარტოხელობა დიდ სეტყვაში თავშიშველობას ჰგავს.”

“მართლაც უკუღმართია ცხოვრება და მისი პირისახე… ორი “სიმართლე” უნდა იმარჯვოს კაცმა… ერთი მტრისათვის,მეორე მოყვრისათვის და თავისთვის.”

“არაფერი ისე არ თხოულობს სხვისთვის გაზიარებასა და თანაგრძნობას,როგორც დიდი სიხარული.”

“დარწმუნებასა და სიყვარულს ორი ხელი აქვს – ერთს მუშტი აბია,მეორეს კი ნებიერი ალერსი.”

“ლაშქარი მწევარივით ოდნავ მშიერი უნდა იყოს! გალაღება და აღლუმ ნადიმი კი გამარჯვების შემდგომ უნდა.”

“ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს,ხოლო უბედურებას მამაკაცზე უკეთ იტანს!”

“მამაკაცები ხომ ბალღებივით არიან – ერთად არ შეუძლიათ გლოვაც და სიხარულიც,სიყვარულიც და სიძულვილიც! თუ გლოვაში არიან,ქორწილშიც სტირიან და სატირალშიც.თუ უხარიათ და ქელეხშიაც მრავალჟამიერს აგუგუნებენ! არ შეუძლიათ ცხოვრებისეულ გლოვას საგლოვო უსწორონ,სიხარულს კი – სასიხარულო!”

“არის კეთილი სიბრძნე,მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა! და კიდევ არის ავი სიბრძნე… ყველა ქვეყნის დიდმპყრობელნი ამას უფრო მისდევენ… იგი ნაღდია მუდამ.ამ ავსიბრძნისაა – “გახრწენ და გადმოიბირე!”  არ დაინდო ზნემაღალი მტერი – იგი უფრო საშიშია! სხვას ან ყიდი,ან შეაშინებ და ყველაფერში გამოიყენებ.ზნემაღალი კი უკვე გმირია და ვაითუ მას კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს!.. უზნეო კი – თუნდაც მტერი – შენი ბუნებრივი მოკავშირეა!”

“ნებივრობა – დედაა ცდუნებისა და ბებია – უზნეობისა.”

“ღამისთევა ქართული ყოფის ძირითადი თვისებათაგანია.ღამეს სტეხენ მლოცველნი,მოტრფიალენი და მეზღაპრენი,მეოცნებენი და სულით მაშვრალნი.არც ღამე უყვარს ქართველს და არც ღამით ძილი.მიზეზს კი ყოველთვის პოულობენ… ღამეს უთევენ ავადმყოფს და მიცვალებულს.ღამეს ათევენ ქორწილში და ნათლობში.ყოველ ხატსა და დღესასწაულს ხომ თავისი სათევი აქვს და ახლავს.არც უმიზეზო ღამისთევას ერიდებიან ყოველი დიდი ლხინისა თუ მცირე არიფანის დროს. ვგონებ ქართველთ დღისით და მზისით უფრო მეტი სძინავთ,ვიდრე ღამით და მთვარით.”

“დედამიწაზე უფრო ხშირად ბედნიერება და მოვალეობა ურთიერთს როდი ემთხვევიან ხოლმე.”

“სულ უიმედობას გაბზარული იმედი სჯობია.”

“ხშირად არის ხოლმე,ჩვენს ღობის ძირში ამოსულ იას ვერ შევამჩნევთ,ხოლო სხვის ბაღში ათასჯერ ნაყნოს ჭრელ-ჭრელ ყვავილებს ვეპოტინებით და ფასს ვადებთ.”

“დაბადებისა და ცხოვრების ყადრი დედაკაცებმა უფრო ვიცით,ბრძოლისა და სიკვდილის – მამაკაცებმა!გახსოვდეს,ცხოვრება მარტო ბრძოლა როდია… სიყვარული უფრო მრავალწილადი და მაღალწილადია! ხოლო გული ღარიბია და ყველა ღარიბ ხეიბარზე უბედურია! ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი მანდილთსიბრძნე.მამაკაცებს კი მარტო ბრძოლა ჰგონიათ უმთავრესი – ყოველი ნიჭი,სიბრძნეც და ძალაც ამისთვის სურთ… ერთგზის ატაცებული გამჭრიახობა ასგზის სიბრმავეს ჰბადებს.ბრძოლის თავბრუში კი ხშირად ზნეობაც ავიწყდებათ და სახლიკაცობაც!”

“ჩვენ დედები ვართ და ქვეყანაზე რაც კი იბადება ყველაფერი ჩვენი საზრუნავია,მაგრამ მთავარი საზრუნავი დაბადების შემდეგ – ზნეობაა!”

“ჩვენი მამაკაცები ზნეობრივად ქართველი ქალების სიმაღლეზე რომ იდგნენ,საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!”

“ჭეშმარიტად არაფერი ისე არ ნუსხავს ადამიანს,როგორც დაძაბული სიჩუმე და მოლოდინი.”

“განა ყველა ღირსია გამოჩენილი საფლავისა?!”

“ნუთუ მშობლების მოგლოვებისას შვილებს ბავშვობა უბრუნდებათ და ამით დანაკლისი უმსუბუქდებათ?”

“საოცარია,რომ მოღალატეს არასოდეს არ უყვარს მოღალატე,მაშინაც კი,როდესაც მათ ღალატი აერთიანებთ და უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ.”

“სიყვარული არასოდეს არ ყოფილა დუმილი ძირითადზე!.. ეს უფრო მგოსნებისა და ასაკგადასული აშიკების მოზღაპრულია.სიძულვილს კი სწორედ დუმილი და ავმოქმედება ახასიათებს.სიყვარული კი ყივანა ხველასავით ამაოყივლებს შეყრილს!”

“სამშობლოში დაბრუნების გზა უფრო გრძელია,ვიდრე სამშობლოდან უცხოობაში მიმავალი.”

“რა ცოტა უნდა ადამიანს და ხშირად რა ძნელია,რა მიუწვდომელი ეს “ცოტა”?!”

“ჭაბუკობაში რეგვენობა,კაცს კიდევ ეპატიება…მხცოვანებაში კი,ცხოვრების ბოლოს – ყველა ჭკვიანია… საქმე ის არის,რომ მოწიფულობაში ძალა შეგწევს იყო გამჭრიახი და პატიოსანი.”

“მოხუცებულის გონებას სჩვევია… ერთ გზას კი არ მისდევს ფიქრი,მრავამხრივ გზებს… და შებორიალებული ფიქრი,ხშირად ერთი გეზიდან მეორე გზაზე გადაუსხლტება გულისყურს.”

“როგორც ეტყობა,ბოლოს ყველა ტკივილი ჰკარგავს თავის სიმახვილეს…”

“ცოტა ხნით მთელი ქვეყანა უნდა დაბრმავდეს,რომ მერმე სინათლისა და სიმართლის დანახვა უკეთ შეძლოს.”

“ეჰ,ეს ქვეყანა უმადურობით არის… კარგა მოზრდილი და მოხერხებული მგელი უნდა იყო,რომ ცხოვრება ჯერ მოგივიდეს და მერე შეგრჩეს.”

“ადამიანის ცხოვრება თურმე გარინდების მოუკლავ სურვილისა და აბეზარ კაკუნისაგან შედგება… მოსვენებული ადამიანი,მხოლოდ განსვენებული ადამიანია.”

“უბედური ის კი არ ყოფილა,ვისაც ბედი არასოდეს არ ჰქონია,არამედ ის ვისაც ჰქონდა და დაკარგა.”

“ჩანს,ცხოვრების უკუღმართობა იმაში მდგომარეობს,რომ სიბერეში ადამიანმა თავისი ახალგაზრდობის შეცდომები ასწოროს და ვერ გაასწოროს!”

“იცი,მამაკაცს რაღაც უსაშველოდ უნდა სტკიოდეს,რომ თავდავიწყებით შეიყვაროს ვინმე.”

“ადამიანთა მეხსიერება მათ სიცოცხლეზე უმოკლესი არის.”

“ჭეშმარიტად ადამიანი თავისი ცხოვრების გზაზე არასოდეს არ ყოფილა თავისუფალი და ვაი,ჩვენ კი არ მივდივართ,თურმე “გზა” მიდის,ფეხებში გვიძვრება,სულში გვეხირება და ვაი მას,ვინც  ფეხს და სულს ვერ აუწყობს ამ უტიფრად შემოჭრილ გზასა და ვითარებას! გზასა და ვითარებას!”

“კაცი რომ თავის სახელს გაერიყება და გაერიდება,ყოველთვის უჩნდება რაღაც სულიერი ბზარი.მაშინაც კი,როდესაც მას არ მიუძღვის დანაშაული!.. რამეთუ სახელი პერანგი არ არის,რომ გამოიცვალო… სახელი – არსებითი სახელია! და მას თვალის ჩინივით მოვლა და პატრონობა სჭირდება!..ერიდეთ სახელის გაცვეთასა და გაჭუჭყიანებას!”

“დრო ჩუმად მიდის და ხმაურობს მხოლოდ ცხოვრება!”

ლევან გოთუა – “სერაფიტი”

levan-gotua0002

ლევან გოთუა (1905-1973) ქართველი მწერალი. ლევანის მამა ცნობილი მწერალი,პუბლიცისტი,პედაგოგი და საზოგადე მოღვაწე,პართენ გოთუა,იყო. დედა- ქუთაისელი,სოფიო კემულარია,თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და მამის რჩევით,თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა,რომელიც  1926 წელს დაამთავრა. იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი,საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. გოთუამ თავისი ცხოვრების 66წლიდან 22წელი პატიმრობაში გაატარა. საბჭოთა კავშირის მიერ სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1918 წელს ლევანი ძმებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და ომში წავიდა. თუმცა,ჯანმრთელობის გაუარესების გამო საომრად წასული ბიჭები ერთ კვირაში უკან დააბრუნეს. რეპრესიები გოთუების ოჯახსაც შეეხო, მათ ჩამოართვეს ქონება და სახლის დიდი ნაწილი,მათი მეთვალყურეობა კი მათივე ოჯახში შესახლებულს დაევალა. 1924 წელს გოთუების ოჯახს “ჩეკისტებმა” კვლავ მიაკითხეს და ლევან გოთუა მამასთან ერთად დააპატიმრეს,მაგრამ შვიდი თვის შემდეგ მამა-შვილი მოულოდნელად გაანთავისუფლეს,თუმცა 1925 წელს ლევან გოთუა ხელმეორედ დააპატიმრეს,მას ფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის მიესაჯა სამი წლით პატიმრობა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. ერთ წელიწადში გოთუა ისევ გაანთავისუფლეს,თუმცა მას აეკრძალა ექვს ცენტრალურ პუნქტსა და სასაზღვრო გუბერნიაში ცხოვრება,ამიტომ ლევანი ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც ქართულს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მაგრამ გოთუას “დაპატიმრება-განთავისუფლება” ამით არ დასრულებულა.  1931 წელს სახელმწიფო პოლიტსამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას მიესაჯა სამი წლით ტუსაღობა საკონცენტრაციო ბანაკში. 5წლის შემდეგ იგი ოჯახს დაუბრუნდა,თუმცა ლევანი “ჩეკაში” ისევ აღრიცხვაზე აიყვანეს, პასპორტის გაცემასა და თბილისში ჩაწერაზე უარი უთხრეს და თბილისის დატოვების ოცდაოთხსაათიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახლებით დაემუქრნენ. ამის გამო ლევან გოთუა ერთხანს წალკაში ცხოვრობდა. მას თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამი კურსი ჰქონდა დამთავრებული და ცეკავშირის სისტემაში მოეწყო ეკონომისტად. წალკაში დაწერა თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”. ეს პიესა მან რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას ჩამოუტანა,ხორავას მისი დადგმა მოუნდა,მაგრამ ერთი პირობით,ლევანს დასასრული უნდა შეეცვალა. რა თქმა უნდა ლევანი არ დათანხმდა,ამიტომ პიესა არ დაიდგა. მწერალი არც წალკაში არ მოასვენეს,ამიტომ ის ბოლნისში გადავიდა საცხოვრებლად. ბოლნისში ყოფნისას “მეფე ერეკლე” დაწერა. ამ პიესამ მოსკოვში პრემია მიიღო,რის შემდეგაც “მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა. 1938 წელს ლევან გოთუა მუდმივ საცხოვრებლად თბილისში ჩაწერეს. მას შემდეგ თბილისური ცხოვრების აქტიური მონაწილე გახდა და ლიტერატურულ შემოქმედებას სერიოზულად მოკიდა ხელი. თბილისში დაჭერები გრძელდებოდა,დააპატიმრეს ლევანის მეგობრები და ახლო ნაცნობები. დაპატიმრებულებზე თხზავდნენ უმძიმეს დანაშაულებს. ასეთი დაძაბული ვითარების მიუხედავად, ლევან გოთუას შემოქმედებითი მოღვაწეობა ნაყოფიერად მიმდინარეობდა. ამ პერიოდში შეიქმნა: “დავით აღმაშენებელი”,ზედიზედ იდგმებოდა ლევან გოთუას პიესები: “მეფე ერეკლე”,”უძლეველნი”,”დავით აღმაშენებელი” და “სამი პატარძალი”.
1946 წელს ლევან გოთუა კვლავ დააპატიმრეს,მას სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად და ქალაქ ვორკუტის ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს. როგორც პატიმარს,წერა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ მწერლობისთვის თავი არ დაუნებებია,რისთვისაც ასეთ ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის ხელოსნად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში,ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში,დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას,რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: “სასიკვდილოა”! სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლევან გოთუამ პიესა “სამსახეობა რაინდისა” და დაიწყო  “გმირთა ვარამზე” მუშაობა. მაღაროში გათხარა სამალავი,რომელშიც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ სიძნელეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული,თუმცა ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველების დახმარებით ამას მაინც ახერხებდა. ზოგჯერ ჩანაწერები ფურცელ-ფურცელ გამოჰქონდათ ბანაკიდან,მაგრამ მერე განიზრახეს ჩანაწერები მთლიანად გამოეტანათ. ამისათვის ასეთი რაღაც მოიფიქრეს: მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები,ზოგჯერ ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს,ფურცლები ჩადეს,ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით წაუსვეს,შემდეგ ეს მორები ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა. ასე გადაურჩა “გმირთა ვარამი” დაკარგვას.
1960წელს გოთუა პატიმრობიდან გაანთავისუფლეს,დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო. 55წლის მწერალი სამშობლოში დაბრუნდა,მან ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია,რათა მწერლობისთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდა,ამიტომ დაოჯახდა და არმაზში დასახლდა. მას არ უყვარდა განვლილ ცხოვრებაზე ლაპარაკი,თუმცა საქართველოს სიყვარულმა ყველა სიძნელე გადაალახვინა: “სად არ მათრიეს,სად არ გადამაგდეს,სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე,თვითონ განვცვიფრდი,ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად… ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.”
1973წელს მწერალი გარდაიცვალა,თავდაპირველად იგი არმაზში დაკრძალეს,ხოლო 2005წელს სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გადაასვენეს.
   ლევან გოთუას “სერაფიტი” არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური რომანი მისი შემოქმედებიდან,ერთდროულად მტკივნეული და სასიამოვნო.მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი 🙂 🙂 🙂 

   “სახელი და პიროვნება დამოუკიდებლად მაშინ ცხოვრობენ,როდესაც პიროვნება რაიმე სახელოვანს მოიმოქმედებს.”

   “ცხოვრება არა ოცნებების ფერმრავალი საქანელაა,არამედ მძიმე ხვედრი!.. უფრო ჩაკვესილად კი – ან მძიმე ტვირთი,ან მძიმე დანაშაული!.. და არც უსათუოდ ისე,რომ ვის რომელი შეხვდება,არამედ უფრო – ვინ რომელს აირჩევს!..”

   “სხვისი სახელით სიკვდილი გამიგია,მაგრამ სიყვარული?! ვგონებ ერთი მეორეს უდრის!.. ომმა ცოტ-ცოტა ყველა აგვამაღლა და გაგვამკაცრა.გამარჯვება ყველაფერს ფარავს… ხელის შეხება ადვილია,სულის შეხება ყოფილა ძნელიც და უმთავრესიც.”

   “არაფერი ისე არ მჟღავნდება,როგორც ფარული სიყვარული! სიყვარულის ბუნებაა ასეთი! არცერთი სულიერი არ ჰფარავს სიყვარულს! მხოლოდ ადამიანი ცდილობს…ხელოვნურ საზღვრებს უდებს…თანასწორობას ართმევს…სიკვდილში თანასწორები ვართ,სიცოცხლესა და სიყვარულში კი არა!”

   “სალამურში ხმა სულ მუდამ არის,საჭიროა მხოლოდ წაღმა ჩამბერი! ხანდახან თავგანწირული ჩამბერი! თითების ამწყობი… სულის მიმცემი!
 ქვის ზოდში მუდამ ზის ქანდაკება,საჭიროა მხოლოდ მცირე სატეხი და დიდი სული – შემოქმედური! არა საკმელი და გუნდრუკი არამედ სულისკვეთება!
 ხოლო ვისაც დამონებული ან გაქვავებული სული აქვს,ის შვების სალამურს ვერ დაუკრავს,ქვას ვერ მოსტეხს.სიტყვის მოჭრა კი უფრო ძნელია… სიტყვაში კილოც არის,აზრიც და სახეც… და კიდევ დროის სიბრძნეც!”

   “კანონზომიერებას წარსულში უფრო აქვს ძალა,ვიდრე გაუმჟღავნებელ მომავალში.”

   “კაცს რომ სახსარი დააკლდება სიბრძნე ემატება.”

   “ერთი ბოროტება ათ სიკეთეს ჯერაც წამოაჩოქებს.”

   “ადამიანს თუ მაღალი ზნეობა და აზრი არ ასულდგმულებს – მას არაფერი უანგარო არც ამოძრავებს!.. იგი ხან ზეცაში აფრინდება,შემთხვევის ფრთებზე… უფრო ხშირად კი ქვესკნელში მოადენს ზღართანს! ხოლო არაფერი არ არის ადამიანისთვის სულიერ ქვესკნელზე უფრო მდაბალი და სახიფათო! ზნეობრივ სიფაქიზეს – “ცხოვრების უბადრუკობად” სთვლიან,სულიერად ქვესკნელოსანნი.”

   “ღიმილი ხომ იმედის უმცროსი დაა!”

   “ქვეყანაზე მრავალი რამ ჩვენთვის დაბნეულია და ყველაზე უფრო -ადამიანის აზრი.”

ცუდია უსასწაულო ცხოვრება,მაგრამ  უარესია,როდესაც სასწაულს ჰპოვებ და მერე ისევ დაკარგავ.”

  “მონობა მონობას ჰგავს.”

  “ჩემი ცის სიმაღლე დედამიწის ბედნიერებით განიზომება.”

  “მეხსიერება კარგი უნდა გქონდეს,მაგრამ დავიწყებაც უნდა შეგეძლოს.”

  “ყველა აზროვანი ადამიანი ვალდებულია იცნობდეს თავის საუკუნეს,იცოდეს მისი სულიერი ავლადიდება და უყვარდეს ვინმე ან რამე.ჰქონდეს,უეჭველად ჰქონდეს წმინდათა წმინდა! დიდსაფიცარი.”

  “ქვეყნისა და სიყვარულის დასაცავად მარტო ხმალი უმნიშვნელო ისლის ღერია.საჭიროა სულის სიმაღლე.”

   “იმედი ბრძოლის ფესვია.”

   “ჩვენ ყველას გვიყვარს,მაგრამ ჩვენთვის გვიყვარს,ჩვენი ქვეყანა!.. ცალმხრივია ეს სიყვარული და მე ვშიშობ – ცალთვალიც!.. ქვეყანა არც მხოლოდ ასპარეზია,ჩვენი სამოქმედო… არც ხატი – მხოლოდ სალოცავი… ქართველი ადამიანის ძარღვებში დასჯილ-დატყვევებული ღმერთკაცის ამირანის სისხლი ბრუნავს… ჩვენ ზედმეტ თავისუფლებას ვიჩემებთ,ღმერთი კი მიჯაჭვული დაგვრჩა.”

   “დროს,რომელშიც დავიბადე უსაშველოდ აკლია სიკეთე,ხოლო უსიკეთოდ უბედურია ყველა.”

   “ყველაზე უფრო დიდი სულიერი სიმტკიცე სიკვდილის პირას სჭირდება ადამიანს… ალბათ,აქვს კიდეც…მაშინ არის ბუნებრივად სულ მარტო და სულ განწირული… მით უფრო თუ ამა ცხოვრების სიყვარულისა და სათნოების გზებზე ამაოდ დაშვრა!”

“ყველაზე უფრო დროს ნდომებია მომწიფება!..”

“-ჩემო ღმერთებო! რამდენი ფიქრი წაუღია მიცვალებულს… ამიტომ თუ არის ასე მძიმე მისი სასახლე!”